დახურვა
დახურვა
დარწმუნებული ვარ, კარგი ექიმი ვიქნებოდი

რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა „შესანიშნავი შვიდეულის“ მორიგი სტუმარი ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გახლდათ. მომღერალმა თავის საინტერესო ბავშვობაზე, ანსამბლ „მზიურში“ გატარებულ დროზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, სიმღერა წლინახევრის ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად მშობლებთან ერთად მღეროდა, ოდნავ მოგვიანებით კი სრულიად შემთხვევით საბავშვო ბაღიდან, ოპერის სცენაზე აღმოჩნდა, ოპერის სცენიდან კი იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ ბავშვთა ანსამბლ „მზიურში“: “ჩემთვის მზიური ძალიან დიდი გამოცდილება იყო, პირველ რიგში, პოპულარობა, ხალხთან, მაყურებელთან ურთიერთიბა, იყო უამრავი გასტროლი, მაგრამ ყველაზე დიდი რაც ამ ანსამბლმა მომცა ჩვენი, მომღერლების, მეგობრობაა“. 

თამრიკო ჭოხონელიძემ „მზიური“ ცამეტი წლის ასაკში დატოვა, მაშინ, როცა ანსამბლი პოპულარობის ზენიტში გახლდათ, ამბობს, რომ თავისი შემოქმედება აღარ მოწონდა და ზედმეტად ხელოვნურად გრძნობდა თავს: „ერთ მშვენიერ დღეს სახლში მივედი და ვთქვი, მე იქ აღარ ვიმღერებთქო, მას შემდეგ ანსამბლის კონცერტებს დარბაზიდან ვუყურებდი და ძალიანაც ვგულშემატკივრობდი“.

„მზიურის“ დატოვების შემდეგ თამრიკო ჭოხონელიძეს სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია, პირიქით მღეროდა იმას, რაც მოწონდა, თუმცა იმდენად მიჩვეული იყო სცენაზე გუნდურად გამოსვლას, პირველ ხანებში მარტო დგომა გაუჭირდა. ოდნავ მოგვიანებით რუსეთიდან შემოთავაზება მიუვიდა, წასულიყო და ემღერა რუსული არიები, რომლებიც ძალიან კარგად გამოსდიოდა, მომღერალმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა, ამბობს, რომ არასდროს უყვარდა ოჯახიდან მოშორებით ყოფნა, თვლიდა, რომ საუკეთესო  დროს დაკარგავდა. 

წლების შემდეგ ფართო აუდიტორიამ მომღერალი „იავნანას“ არაჩვეულებრივი შესრულების შემდეგ უფრო მეტად შეიყვარა, მისივე შესრულება საოცრად მოუხდა კინო ფილმს „იავნანამ რა ჰქმნა“, თვლის, რომ ამ სიმღერით ყველა დედის სათქმელი თქვა: „ორი თვე ვერ ჩავწერე ეს სიმღერა, არ მომწონდა, ერთხელ ჩემს შვილებს მივუცუცქდი და ვუმღერე, მივხვდი, რომ კარგი გამოვიდოდა და მეორე დღესვე ჩავერეთ“.

სკოლის პერიოდში სურვილი ჰქონდა ექიმი გამხდარიყო, ეს ოცნება ვერ აისრულა, თუმცა თვლის, რომ კარგი პროფესიონალი დადგებოდა: „უამრავი სამედიცინო ლიტერატურა მაქვს წაკითხული და ვცდილობდი კარგად გავრკვეულიყავი ამ სფეროში, დღემდე მოყვარული ექიმი ვარ“.

მომღერალს თავისი მუსიკალური სტუდია აქვს, სადაც ბავშვებს მათი ვოკალური შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება, თვლის, რომ ნიჭიერი თაობა მოდის, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ ახალგაზრდა ესტრადის მომღერლები არ ცდილობენ ინდივიდუალურები იყვნენ და ნაკლებად მღერიან ქართულ სიმღერებს. ქართული მუსიკის დანაკლისს მომღერალი საკუთარ სტუდიაში ივსებს, თვლის, რომ ყველა ბავში, რომელსაც სმენა აქვს პირველ რიგში ქართულ კომპოზიციებს უნდა ასრულებდეს და თავისი, ახალი სიტყვა თქვას. 

თამრიკო ჭოხონელიძემ თავისი დამოკიდებულება მუსიკალურ პროექტებზეც დააფიქსირა, არ მოსწონს, როცა მომღერლები ასრულებენ ამა თუ იმ კომპოზიციას და ახალს არაფერს ამბობენ, ფიქრობს, რომ ყველაზე მთავარი, ინდივიდუალიზმი აკლიათ, ორიოდე სიტყვით მუსიკალური პროექტების ჟიურის წევრებზეც ისაუბრა: „ძალიან ცუდია, როცა მსგავს პროექტებში ჟიურის წევრი პროფესიონალი არ არის და შესაბამისად ვერ ერკვევა მუსიკაში, შოუს ეს ყველაფერი ძალიან ეტყობა, მინიმუმ ერთი პროფესიონალი მაინც უნდა იჯდეს, რათა ადეკვატურად შეფასდეს ესა თუ ის კონკურსანტი“. 

როგორც დედა, მკაცრი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ შვილები ორივე ცელქი ჰყავდა, თუმცა ამბობს, რომ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ჩარეულა და თავისი დამოკიდებულება მკაფიოდ გამოუხატავს: „კოკომ როდესაც მითხრა თეატრალურზე ვაბარებო, ძალიან გამიკვირდა, მოულოდნელი იყო, თუმცა იმდენად დარწმუნებული იყო თავის არჩევანში გვერძე გავდექი, რასაც ვერ ვიტყვი მარიამის შემთხვევაში, როცა მან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა, სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი“. რაც შეეხება ბებიის ამპლუას, თვლის, რომ მომთხოვნი ბებიაა, ახარებს ის ფაქტი, რომ ორივე შვილიშვილი კარგად მღერის. 

მომღერალი კონცერტისთვის ემზადება, ბევრს მუშაობს მის სოლო პროგრამზე, თუმცა ზუსტი თარიღი არ იცის, როდის წარსდგება მსმენელის წინაშე, ამას გარდა, თავისი და მისი დების მუსიკალური სტუდია სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, ერთ-ერთი მათგანია შედარებით მივიწყებული მომღერლების, ანსამბლების გამოცოცხლება და სცენაზე კიდევ ერთხელ დაყენება, ამ ეტაპისთვის კი ანსამბლ „4 გიას“ კონცერტი იგეგმება, მომღერალი თვლის, რომ აღნიშნული ანსამბლი ვარსკვლავის გახსნას ნამდვილად იმსახურებს. 

ამბობს, რომ უმეტეს დროს შვილებსა და ოჯახს უთმობს და ცდილობს მათ წარმატებაში წვლილი შეიტანოს. მომღერალმა თავის ახალ სიმღერაზეც ისაუბრა, რომელიც მამა პეტრეს ლექსზე დათო არჩვაძემ შექმნა: „როცა დათომ დამირეკა, მითხრა, შენი ხმა მესმოდა ამ სიმღერაშიო, მამა პეტრეს მხოლოდ მისი შემოქმედებით ვიცნობდი, მინდა ორივეს ნდობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, მცხეთელებმა ეს სიმღერა ძალიან შეიყვარეს და ბედნიერი ვარ“. 

თამრიკო ჭოხონელიძე სიმღერის დახვეწილი მანერითა და დამახასიათებელი ნაზი ხმის ტემბრით გამოირჩევა, ის ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერალი და პიროვნებაა. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ ყოველ ხუთშაბათს, რადიო „დარდიმანდის“ ეთერში, 18:00 საათზე გადის. 


მარიამ ნებიერიძე. 

2018 წელი. რადიო "დარდიმანდი".

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
დასელფე პაატა გუილიაშვილთან ერთად
დასელფე
      პაატა
პარასკევი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
დასელფე პაატა გუილიაშვილთან ერთად
დასელფე
      პაატა
პარასკევი 19:00